სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

აკადემიის შესახებ / წესდება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №975

2013 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:(23.10.2015 N 805)

მუხლი 1

დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის თანდართული წესდება.

მუხლი 2

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 20 ივლისის №1007 ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

მუხლი 3

ბრძანება, გარდა ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და 22-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

მუხლი 4

ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და 22-ე მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

შინაგან საქმეთა მინისტრი                                                       ალექსანდრე ჭიკაიძე

 

 დანართი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდება

თავი I

ზოგადი დებულებები

 

 მუხლი 1. რეგულირების სფერო

წინამდებარე წესდება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის (შემდგომში – აკადემია) სტატუსს, მისიას, მიზნებსა და ამოცანებს, საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სტრუქტურას,  მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს, ასევე აკადემიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

 

მუხლი 2. აკადემიის სტატუსი

  1. აკადემია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო და საარქივო დაწესებულება.
  2. აკადემიას, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, უფლება აქვს განახორციელოს მხოლოდ ის საქმიანობა, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ წესდებით.
  3. აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს და გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობებში, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
  4. აკადემია საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ წესდებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. (23.10.2015 N 805)
  5. აკადემიის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია”, შემოკლებით – „სსიპ – საქართველოს შსს აკადემია“.
  6. აკადემიის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, 0178, გმირი კურსანტების ქ.№4. (15.02.2016 N 51)
  7. აკადემიას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ასევე იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.
  8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) თანხმობით, აკადემია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
  9. დაწესდეს აკადემიის დღე და აღინიშნოს ყოველი წლის 3 ივნისს. (30.05.2017 N 279)

 

მუხლი 3. აკადემიის მისია

  1. აკადემიის მისიაა სამართლის, მათ შორის, საპოლიციო რეგულირების სფეროში არსებული ცოდნის თავმოყრა, საზოგადოების სერვისზე ორიენტირებული სტანდარტების შემუშავებით მისი განახლება და სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენებით საჯარო და კერძო სექტორისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევებითა და ცოდნით აღჭურვილი, მაღალი ღირებულებებისა და პრინციპების, ასევე იურისტისათვის საჭირო უნარ-ჩვევების მქონე კადრების მომზადება. (30.12.2016 N 764 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)
  2. აკადემია მოწოდებულია, სწავლების მაღალი სტანდარტებისა და ღირებულებების დამკვიდრებით გახდეს საპოლიციო განათლების ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი და საპოლიციო რეგულირების სფეროში დასავლური მიღწევების შესწავლის, კვლევისა და ანალიზის საფუძველზე უზრუნველყოს არსებული გამოწვევების დაძლევა.

 

მუხლი 4. აკადემიის მიზნები და ამოცანები 

  1. აკადემიის მიზნები და ამოცანები ემსახურება აკადემიის მისიის აღსრულებას.
  2. აკადემიის მიზნები და ამოცანებია: (23.10.2015 N 805)

 

ა) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ფუნქციის განმახორციელებელი ორგანოსათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება;

ბ) სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ფუნქციის განმახორციელებელი სხვა სახელმწიფო ორგანოებისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;

გ) საჯარო და კერძო სექტორისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება;

დ) სტუდენტთა/მსმენელთა პატრიოტული, ინტელექტუალური, კულტურული, ფიზიკური და  ზნეობრივი აღზრდა;

ე) საქართველოსა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივად აკადემიური უმაღლესი   საგანმანათლებლო პროგრამების  განხორციელება;

ვ) სტუდენტის/მსმენელის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა;

ზ) სწავლისა და სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;

თ) აკადემიაში განათლებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა;

ი) აკადემიის მიზნების განხორციელებისათვის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

კ) მისიის აღსრულებისათვის ხელშემწყობი სხვა მიზნები და ამოცანები.

3. თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად აკადემია:

ა) ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მე-2 საფეხურების  საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს; (3.10.2014 N761ამოქმედდეს 2014 წლის 29 სექტემბრიდან)

ბ) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს აკადემიური ცოდნის გამოყენებას;

გ) ზრუნავს თავისი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;

დ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის ურთიერთგაცვლას;

ე) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებას;

ვ) ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს (ხარისხები) და კვალიფიკაციას;

ზ) ახორციელებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლებას და გასცემს შესაბამის სერტიფიკატებს;

თ) პროფესიული განვითარებისათვის, სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავების და დახვეწის მიზნით, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებით სწავლებას; (23.10.2015 N 805)

ი) უზრუნველყოფს სამინისტროს პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამისი სასწავლო ღონისძიებების განხორციელებას;

კ) ქმნის სტუდენტებისათვის/მსმენელებისათვის სწავლის, კვლევისა და თვითგანვითარებისათვის მაქსიმალურად მიმზიდველ გარემოს;

ლ) ახორციელებს თავის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის ხელშეწყობას;

მ) ამყარებს  ურთიერთობებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;

ნ) აკადემიურ თანამდებობაზე მოიზიდავს წამყვან მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს პროფესიული ნიშნით, რომლებიც მეცნიერებისა და პრაქტიკის უახლესი მიღწევების გათვალისწინებითა და სწავლების ახალი მეთოდოლოგიის დანერგვით წარმართავენ სასწავლო პროცესს; (23.10.2015 N 805)

ო) შეიმუშავებს პროექტებს და წარუდგენს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს;

პ) ახორციელებს საარქივო საქმიანობას;

ჟ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სპორტულ-გამაჯანსაღებელ საქმიანობას;

ჟ1) აკადემიის კურსდამთავრებულებსა და აკადემიას შორის კავშირის დამყარებისა და განმტკიცების, აგრეთვე კურსდამთავრებულთა კარიერული ზრდის ხელშეწყობის მიზნით აარსებს კურსდამთავრებულთა საზოგადოებას; (1.02.2017 N 46)

რ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

 

მუხლი 5. საქმიანობის საგანი

აკადემიის საქმიანობის საგანია:

ა) სამინისტროს სისტემისათვის  უმაღლესი განათლებით სპეციალისტების მომზადება;

ბ) სპეციალური პროფესიული განათლებით სპეციალისტების მომზადება როგორც სამინისტროსათვის, ისე სხვა გასამხედროებული დაწესებულებებისათვის და აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა,  ასევე პოლიციის სისტემისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მომზადება, გადამზადება და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება. (23.10.2015 N 805)

ბ1) საჯარო და კერძო სექტორისათვის უმაღლესი განათლებით სპეციალისტების მომზადება; (23.10.2015 N 805)

გ) ხელშეკრულების საფუძველზე სპეციალისტთა მოსამზადებლად შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზება ან/და ტესტირება;

დ) საარქივო საქმიანობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საარქივო საქმისა და საქმისწარმოების დარგში, საერთაშორისო კავშირების დამყარება და განვითარება, პროფილური საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობა.

ე) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა; (13.07.2015 N 504)

ვ) საგამომცემლო საქმიანობა; (13.07.2015 N 504)

ზ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება;

თ) სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის (გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის) წარმოება და რეალიზება;

ი) დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა ამ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

კ) შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და ამ წესდებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

თავი II

აკადემიის სტრუქტურა და მართვა

 

მუხლი 6. აკადემიის სტრუქტურა

აკადემიის სტრუქტურა შედგება მართვის ორგანოების, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულისაგან, დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისა და სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან.

 

მუხლი 7. აკადემიის მართვის ორგანოები (1.02.2017 N 46)

აკადემიის მართვის ორგანოებია: რექტორი, წარმომადგენლობითი საბჭო (შემდგომში – საბჭო), პრორექტორ(ებ)ი და ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველო.

 

მუხლი 8. აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულები

  1. აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია: ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული,  პროფესიული მომზადების სამმართველო და სპეციალური მომზადების ცენტრი. (30.12.2016 N 764 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)
  2. აკადემიის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულია სამართლის სკოლა. (3.10.2014 N761 ამოქმედდეს 2014 წლის 29 სექტემბრიდან)

 

მუხლი 9. აკადემიის დამხმარე სტრუქტურული ერთეულები (30.12.2016 N 764 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)

აკადემიის დამხმარე სტრუქტურული ერთეულებია: შსს არქივი, საფინანსო სამსახური, სამეურნეო სამსახური, იურიდიული განყოფილება, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება, საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება, კვლევისა და ანალიზის განყოფილება, განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილება, ენის ცენტრი, ბიბლიოთეკა და კანცელარია.

 

მუხლი 10. რექტორი

  1. რექტორი არის აკადემიის მართვის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს აკადემიას და წარმოადგენს მას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რისთვისაც უფლებამოსილია, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, აკადემიის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები.
  2. რექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
  3. რექტორი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

 

ა) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს აკადემიის თანამშრომლებს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან. განსაზღვრავს კონკურსის ჩატარების პროცედურებსა და საკონკურსო მოთხოვნებს;

გ) ამტკიცებს აკადემიაში მოქმედ მარეგულირებელ წესებს;

დ) ზედამხედველობს აკადემიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; 

ე) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს აკადემიის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და განსაზღვრავს სახელფასო ფონდს; (23.10.2015 N 805)

ვ) წარმოადგენს აკადემიას ან უფლებას ანიჭებს აკადემიის წარმომადგენლობაზე მესამე პირებთან ურთიერთობებში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ზ) ადასტურებს პირადი ხელმოწერით ან ანიჭებს უფლებამოსილებას შესაბამისი დოკუმენტაციის დადასტურებაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

თ) ამტკიცებს აკადემიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ი) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს;

კ) აკადემიის წესდების პროექტს ან წესდებაში ცვლილების პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს;

ლ) სამართლის სკოლისა და პროფესიული მომზადების სამმართველოს წარდგინებით ამტკიცებს უმაღლეს და სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს/სასწავლო კურსებს; (23.10.2015 N 805)

ლ1) პროფესიული მომზადების სამმართველოს წარდგინებით ამტკიცებს საპილოტე პროგრამებს/სასწავლო კურსებს მათი შემდგომი შემოღების საჭიროების დადგენის, ან არსებულ პროგრამაში/სასწავლო კურსში შემდგომი ინტეგრაციის მიზნით; (11.05.2016 N236)

მ) ამტკიცებს აკადემიაში მსმენელად მისაღები პირებისათვის ტესტირებისა და გასაუბრების ჩატარების წესებს და განსაზღვრავს კომისიის შემადგენლობას. (28.03.2014 N 245 ამოქმედდეს 2014 წლის 25 მარტიდან)

ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; (23.10.2015 N 805)

 

 

მუხლი 11. წარმომადგენლობითი საბჭო (1.02.2017 N 46)

  1. საბჭო არის აკადემიის მართვის კოლეგიური ორგანო.
  2. საბჭოს წევრები არიან: პრორექტორები, სამართლის სკოლის უფროსი, პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დირექტორი, სპეციალური მომზადების ცენტრის უფროსი, ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი და ბიბლიოთეკის უფროსი.
  3. საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა საბჭოს მიერ 2 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, საბჭოს წევრების ხმათა 2/3-ის უმრავლესობით. საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საბჭოს მინიმუმ 2 წევრს. თუ ვერცერთი პრეტენდენტი ვერ დააგროვებს ხმების საჭირო რაოდენობას, იმავე დღეს გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა საუკეთესო შედეგის მქონე ორ პრეტენდენტს შორის. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ აირჩევა თავმჯდომარე, 3 სამუშაო დღის ვადაში გაიმართება საბჭოს სხდომა და ხელახლა ჩატარდება თავმჯდომარის არჩევის პროცედურა. საბჭოს პირველ სხდომას იწვევს აკადემიის რექტორი, ხოლო თავმჯდომარეობს სხდომის უხუცესი წევრი.
  4. საბჭოს სხდომის მდივანს, 2 წლის ვადით, საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს სრული შემადგენლობის 1/3-ის წარდგინებით ირჩევს საბჭო აკადემიის თანამშრომელთაგან. საბჭოს მდივანი უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის ორგანიზაციულ და საინფორმაციო მომსახურებას.
  5. საბჭო მოიწვევა საჭიროებისამებრ, საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის ინიციატივით, მაგრამ 2 თვეში ერთხელ მაინც. საბჭო იკრიბება მოწვევიდან მე-2 სამუშაო დღეს. საბჭოს სხდომებს წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე. მისი არყოფნის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს საბჭოს უხუცესი წევრი. საბჭოს მდივანი თავმჯდომარესთან შეთანხმებით ადგენს სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხას, რომელიც წინასწარ გადაეცემა საბჭოს წევრებს. დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი. საბჭოს თავმჯდომარე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. საბჭო უფლებამოსილია, სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღოს ღია კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით.
  6. საბჭოს სხდომის გახსნამდე ხდება წევრთა რეგისტრაცია საბჭოს მდივანთან (რეგისტრაციის მონაცემები ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს). საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 2/3. საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
  7. საბჭოს მუშაობის პერიოდში წევრს უფლება აქვს, დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანოს განსახილველი საკითხი, დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც საბჭოს განხილვის საგანია, აგრეთვე ისარგებლოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით. საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით.
  8. საბჭოს ყველა სხდომაზე წარმოებს სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს:

 

ა) განიხილავს და აკადემიის რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის მოკლევადიან და გრძელვადიან სტრატეგიული განვითარების გეგმებს;

ბ) აკადემიის საქმიანობის განვითარების მიზნით შეიმუშავებს და აკადემიის რექტორს წარუდგენს აკადემიაში მოქმედ სამართლებრივ აქტებში შესატან ცვლილებათა პროექტებს;

გ) შეიმუშავებს აკადემიის წლიური ბიუჯეტის პროექტს და ათანხმებს აკადემიის რექტორთან;

დ) უზრუნველყოფს წლიური ანგარიშის მომზადებას და აკადემიის რექტორისათვის წარდგენას;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის რექტორს სამაგისტრო და საბაკალავრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო და საბაკალავრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას;

ვ) შეიმუშავებს აკადემიის სტრუქტურის ცვლილების პროექტს და წარუდგენს აკადემიის რექტორს შემდგომი რეაგირებისათვის;

ზ) შეიმუშავებს აკადემიის წესდების პროექტს და წარუდგენს აკადემიის რექტორს;

თ) ახორციელებს აკადემიის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

ა) საბჭოს დასახელება;

ბ) სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი;

გ) დამსწრეთა ვინაობა;

დ) დღის წესრიგი;

ე) სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები;

ვ) სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები.

ოქმს ერთვის ყველა ის მასალა, როლმელიც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს ყველა დამსწრე წევრი. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საჭიროებს დამტკიცებას, წარედგინება აკადემიის რექტორს. საბჭო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:

 

 

მუხლი 12. პრორექტორი

  1. აკადემიას ჰყავს  პრორექტორები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. (27.01.2014 N 55)
  2. პრორექტორების უფლება-მოვალეობებსა და საკურატორო სფეროებს განსაზღვრავს რექტორი.
  3. რექტორის არყოფნის შემთხვევაში მისვე დავალებით ერთ-ერთი პრორექტორი ასრულებს რექტორის მოვალეობას.

 

მუხლი 13. ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველო

  1. ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს: (30.12.2016 N 764 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)

ა) სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური (მასწავლებელთა) პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატურ შეფასებას და შემდგომი განვითარების წინადადებების შემუშავებას;

ბ) შეფასების შიდა და გარე პროცედურებს, რომელთა მიზანია აკადემიაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;

გ) დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით აკადემიაში სწავლების ხარისხის მაჩვენებელთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;

დ) სხვა საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალ დონეს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.

  1. ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველო მუშაობს „დაგეგმე-განახორციელე-შეამოწმე-განავითარე“ პრინციპის საფუძველზე.
  2. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველო მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზების წესების ჩამოსაყალიბებლად.
  3. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია აკადემიის რექტორის წინაშე. 

 

მუხლი 14. სამართლის სკოლა (3.10.2014 N761ამოქმედდეს 2014 წლის 29 სექტემბრიდან)

  1. სამართლის სკოლა წარმოადგენს აკადემიის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც შეიმუშავებს და განახორციელებს აკადემიური უმაღლესი  განათლების პირველი და მე–2 საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს.
  2. სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალი სამსახურში მიიღება ღია კონკურსის წესით „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესდებისა და რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის მოთხოვნათა დაცვით. (30.12.2016 N 764 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)
  3. სამართლის სკოლაში იქმნება სკოლის საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედის სამართლის სკოლის უფროსი და აკადემიის აკადემიური პერსონალი. (1.02.2017 N 46)
  4. სამართლის სკოლის საბჭოს ხელმძღვანელობს  სამართლის სკოლის უფროსი, რომელიც:

 

ა) უზრუნველყოფს სამართლის სკოლაში სასწავლო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;

ბ) ესწრება სამართლის სკოლის ფარგლებში განხორციელებულ ლექციებს;

გ) სამართლის სკოლაში განხორციელებადი პროგრამის/პროგრამების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფის მიზნით მოიძიებს შესაბამის სპეციალისტებს და რეკომენდაციას უწევს აკადემიის რექტორის წინაშე.

სამართლის სკოლის საბჭო:

ა) შეიმუშავებს აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს და ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს დადებითი დასკვნის შემთხვევაში დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს;

ბ) შეიმუშავებს სამართლის სკოლის მოკლევადიან და გრძელვადიან სტრატეგიული განვითარების გეგმებს და გადასცემს საბჭოს; (1.02.2017 N 46)

გ) ორგანიზებას უწევს  სამაგისტრო  ნაშრომის დაცვას;

დ) იღებს გადაწყვეტილებას აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულისათვის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე და სამართლის სკოლის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, დიპლომი და კანონმდებლობით დადგენილი ფორმის დანართი სტუდენტზე გაიცემა აკადემიის რექტორის მიერ; (13.07.2015 N 504)

ე) იღებს გადაწყვეტილებას აკადემიური უმაღლესი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულისათვის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე და სამართლის სკოლის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, დიპლომი და კანონმდებლობით დადგენილი ფორმის დანართი სტუდენტზე გაიცემა აკადემიის რექტორის მიერ; (13.07.2015 N 504)

ვ) ახორციელებს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ მობილობის წესით აკადემიაში ჩარიცხვის შემთხვევაში კრედიტების აღიარებას და პროგრამული თავსებადობის დადგენას;

ზ) შეიმუშავებს სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამაში  ცვლილებებისა და დამატებების წინადადებებს;

თ) სამართლის სკოლის უფროსის წარდგინებით შეიმუშავებს აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები სპეციალობის შიდა გამოცდების თემატიკას და სისტემას; (23.10.2015 N 805)

ი) სამართლის სკოლის უფროსის წარდგინებით რექტორის წინაშე დასამტკიცებლად წარადგენს აკადემიის მაგისტრატურაში მისაღები შიდა გამოცდების კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობას; (23.10.2015 N 805)

კ) სამართლის სკოლის უფროსის წარდგინებით შეიმუშავებს აკადემიაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მობილობით გადმომსვლელი სტუდენტებისათვის გასაუბრების/გამოცდების საკითხებს/პროგრამას, მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობის დადგენის მიზნით; (23.10.2015 N 805)

ლ) ახორციელებს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. (23.10.2015 N 805)

სამართლის სკოლის საბჭო უფლებამოსილია, თუ სკოლის საბჭოს სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. სამართლის სკოლის საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. სამართლის სკოლის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება სკოლის საბჭოს ოქმით და დასამტკიცებლად წარედგინება აკადემიის რექტორს.

 

მუხლი 15. პროფესიული მომზადების სამმართველო

  1. პროფესიული მომზადების სამმართველო წარმართავს სასწავლო პროცესს ,,სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესდების შესაბამისად.
  2. პროფესიული მომზადების სამმართველო:

 

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები პროცედურების ორგანიზებას;

ბ) შესაბამის ფაკულტეტებსა და განყოფილებებთან ერთად შეიმუშავებს სწავლების პროგრამებს/კურსებს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის რექტორს;

ბ1) შესაბამის ფაკულტეტებსა და განყოფილებებთან ერთად შეიმუშავებს საპილოტე სწავლების პროგრამებს/კურსებს მათი შემდგომი შემოღების საჭიროების დადგენის, ან არსებულ პროგრამაში/სასწავლო კურსში შემდგომი ინტეგრაციის მიზნით და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის რექტორს; (11.05.2016 N236)

გ) შეიმუშავებს მეთოდურ მითითებებსა და სასწავლო მასალებს;

დ) აკონტროლებს თავისი მმართველობის სფეროში შემავალი ერთეულების საქმიანობას;

ე) ახორციელებს აკადემიის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

 

მუხლი 16. სპეციალური მომზადების ცენტრი

სპეციალური მომზადების ცენტრი უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ დანაყოფების თანამშრომელთა მომზადებასა და გადამზადებას, რომელთა საქმიანობის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან გამომდინარე საფრთხეების გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა.

 

მუხლი 17. აკადემიის დამხმარე სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები (30.12.2016 N 764 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)

  1. შსს არქივი ახორციელებს საარქივო მასალის შენახვას, საცავში დაცული სპეციალური ტიპის ინფორმაციასთან დაშვებასა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესების დაცვით გაცემას, აგრეთვე სხვადასხვა სახის შემოქმედებით, სამეცნიერო-კვლევით (საგამომცემლო, საექსპოზიციო და ა.შ.), საკონსერვაციო (რესტავრაცია, დიგიტალიზაცია, რეზერვაცია) საქმიანობასა და საერთაშორისო მემორანდუმებით ან პროექტებით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.
  2. საფინანსო სამსახური ახორციელებს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის მართვას, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებასა და სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებას.
  3. სამეურნეო სამსახური უზრუნველყოფს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, აკადემიის ტერიტორიაზე პირთა გადაადგილების (შემოსვლა-გასვლის) კონტროლს და ქონების დაცვას.
  4. იურიდიული განყოფილება  უზრუნველყოფს აკადემიის საქმიანობის სამართლებრივ მხარდაჭერას.
  5. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება  ახორციელებს აკადემიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის კვალიფიციური კადრების მოძიებას, შემოწმებისა და დაკომპლექტების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.
  6. საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება ახორციელებს აკადემიის სისტემურ, ქსელურ, პროგრამულ და ტექნიკურ მხარდაჭერას.
  7. კვლევისა და ანალიზის განყოფილება ახორციელებს აკადემიის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე კვლევებს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზს. შეიმუშავებს ახალი პროექტების, ინოვაციური იდეებისა და რეკომენდაციების პროექტებს და წარუდგენს აკადემიის ხელმძღვანელობას.
  8. განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილება შეიმუშავებს სტრატეგიული განვითარების დოკუმენტებს/სამოქმედო გეგმებს და ახორციელებს მათი შესრულების მონიტორინგს. უზრუნველყოფს საერთაშრისო ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებას. ხელს უწყობს აკადემიის პოპულარიზაციას.
  9. ენის ცენტრი ახორციელებს აკადემიის სტუდენტების/მსმენელების, სამინისტროს მოსამსახურეების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ხელშეკრულების საფუძველზე სხვა უწყების თანამშრომელთათვის შესაბამის ენაში ტესტირებას, ენის სწავლებას და სწავლების ორგანიზებას. ასევე, აკადემიის საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი უცხოური კორესპონდენციის თარგმნას და სათარჯიმნო მომსახურებას.
  10. ბიბლიოთეკა ახორციელებს საბიბლიოთეკო ფონდის ფორმირებას, დაცვასა და აღრიცხვას, საგამომცემლო საქმიანობას და აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და სხვა დამხმარე მასალით უზრუნველყოფას, ასევე საბიბლიოთეკო ფონდის მკითხველისათვის ხელმისაწვდომობას.
  11. კანცელარია  ახორციელებს აკადემიაში საქმისწარმოების ორგანიზებასა და კონტროლს.

მუხლი 18. ამოღებულია (30.12.2016 N 764 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)

მუხლი 19. ამოღებულია (30.12.2016 N 764 ამოქმედდეს 2017 წლის 1

თავი III

აკადემიის პერსონალი

 

მუხლი 20. პერსონალი

აკადემიის პერსონალი შედგება აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობებისაგან, ასევე ინსტრუქტორებისაგან.

 

მუხლი 21. აკადემიის აკადემიური პერსონალი (13.07.2015 N 504)

  1. აკადემიის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან. (1.02.2017 N 46)
  2. ამოღებულია (1.02.2017 N 46)
  3. პროფესორები წარმართავენ სასწავლო პროცესსა და სამეცნიერო კვლევებს.
  4. პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ასისტენტი ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს სამართლის სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში.
  5. აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს რექტორი.

 

მუხლი 22. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი

  1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
  2. ამოღებულია (30.12.2016 N 764 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)
  3. ინფორმაცია კონკურსის ორგანიზების შესახებ განთავსდება აკადემიის ვებგვერდზე  და/ან  დასაქმების შესაბამის ვებგვერდზე. (1.02.2017 N 46)
  4. აკადემიაში განსახორციელებელი აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების წარმართვის მიზნით აკადემიის რექტორის მიერ ცხადდება კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, საკონკურსო საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.
  5. კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოიცემა აკადემიის რექტორის ბრძანება, რომელშიც მიეთითება წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი, კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და ის კრიტერიუმები, რომლითაც მოხდება კანდიდატების შეფასება და შერჩევა. ბრძანებაში ასევე მიეთითება საკონტაქტო პირის ვინაობა, რომელიც დაინტერესებულ პირებს მიაწვდის ინფორმაციას კონკურსის ჩატარების პირობების შესახებ. ბრძანებით განისაზღვრება ასევე დროებითი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, რომელიც იქმნება კონკურსის ჩატარების ვადით.
  6. კონკურსის გამოცხადების შესახებ რექტორის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მის ორგანიზებას უზრუნველყოფს აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება. (1.02.2017 N 46)
  7. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი კვირის ვადაში ტარდება კონკურსი, რომელსაც ატარებს დროებითი საკონკურსო კომისია.
  8. კონკურსის ჩატარების და დროებითი საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესს განსაზღვრავს აკადემიის რექტორი.

 

მუხლი 23. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები (1.02.2017 N 46)

  1. პროფესორის თანამდებობაზე 6 (ექვსი) წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს რექტორის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დამატებით პირობებს.
  2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 5 (ხუთი) წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს რექტორის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დამატებით პირობებს.
  3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს რექტორის სამართლებრივი აქტით  განსაზღვრულ დამატებით პირობებს.
  4. ასისტენტად 3 (სამი) წლის ვადით აირჩევა დოქტორანტი, რომელიც აკმაყოფილებს რექტორის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დამატებით პირობებს.
  5. ამ მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ აკადემიურ თანამდებობათა დაკავება შესაძლებელია პროფესიული ნიშნით, კვალიფიციური პერსონალის მიერ, აკადემიის რექტორის ბრძანებით, რომლითაც ცხადდება კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისთვის აუცილებელი კომპეტენცია.
  6. აკადემიის აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, ხოლო აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ.

 

მუხლი 24. ინსტრუქტორი

  1. აკადემიის ინსტრუქტორი არის პირი, რომელიც ასწავლის მსმენელს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით.
  2. ინსტრუქტორს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ან შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
  3. ინსტრუქტორები წარმართავენ სპეციალური პროფესიული განათლებით სწავლებას და ასევე მონაწილეობენ სამართლის სკოლის მიერ განხორციელებად სასწავლო პროცესში. (3.10.2014 N761ამოქმედდეს 2014 წლის 29 სექტემბრიდან)

 

მუხლი 25. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი

  1. აკადემიაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, პრორექტორი, სამართლის სკოლის უფროსი, პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსი, შსს არქივის დირექტორი და მისი მოადგილე, სპეციალური მომზადების ცენტრის უფროსი, ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, სამმართველოს (მასთან გათანაბრებული სტრუქტურული ქვედანაყოფი) უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე, განყოფილების/ფაკულტეტის უფროსი. (30.12.2016 N 764 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)
  2. აკადემიის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.
  3. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული და ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული აკადემიის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები. (30.12.2016 N 764 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)

 

თავი IV

აკადემიის სტუდენტი/მსმენელი

 

მუხლი 26. აკადემიის სტუდენტი (23.10.2015 N 805)

  1. აკადემიის სტუდენტად იწოდება პირი, რომელიც ერთიანი ეროვნული ან საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩაირიცხება აკადემიაში აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა). აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩასარიცხად მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია, გაიაროს აკადემიის მიერ განსაზღვრული შიდა (მისაღები) გამოცდა/გამოცდები, სამინისტროს სპეციალური სამედიცინო შემოწმება და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ფიზიკური ნორმატივები, რომელთა დადებითად გავლის შემთხვევაშიც მაგისტრანტობის კანდიდატი ჩაირიცხება აკადემიაში სამაგისტრო პროგრამაზე.
  2. აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წესი განისაზღვრება აკადემიის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

 

მუხლი 27. აკადემიის მსმენელი

აკადემიის მსმენელი არის პირი, რომელიც სამინისტროს შესაბამისი აქტის საფუძველზე გამოცემული აკადემიის რექტორის ბრძანებით ირიცხება აკადემიაში განხორციელებად სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, სპეციალურ პროგრამაზე ან კურსზე, ასევე ხელშეკრულების საფუძველზე ჩარიცხული პირები.

 

მუხლი 28. სტუდენტის/მსმენელის უფლება-მოვალეობები

  1. აკადემიის სტუდენტი სარგებლობს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მასთან გაფორმებული ხელშეკრულებითა და აკადემიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით. (13.07.2015 N 504)
  2. აკადემიის მსმენელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება აკადემიის სამართლებრივი აქტებით.

 

მუხლი 29. სტუდენტის/მსმენელის სტატუსის მინიჭება, შეჩერება, შეწყვეტა და აღდგენა (13.07.2015 N 504)

სტუდენტის/მსმენელის სტატუსის მინიჭება, შეჩერება, შეწყვეტა ან აღდგენა ხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, აკადემიის რექტორის ბრძანებით.

 

თავი V

აკადემიის ქონება, დაფინანსება და სახელმწიფო კონტროლი

 

მუხლი 30. აკადემიის ქონება

  1. აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად კანონმდებლობის შესაბამისად გადაეცემა ქონება.
  2. აკადემიის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
  3. აკადემიას უფლება აქვს მისთვის გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან გაასხვისოს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 31. აკადემიის ქონებით სარგებლობა

  1. აკადემიის ბალანსზე რიცხული ქონება გამოიყენება მხოლოდ წინამდებარე წესდებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
  2. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით აკადემიას შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, აკადემიის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) სხვა გადაწყვეტილებები აკადემიის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

  1. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

 

მუხლი 32. აკადემიის დაფინანსება

  1. აკადემიის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) სახელმწიფო სასწავლო გრანტი; (3.10.2014 N761 ამოქმედდეს 2014 წლის 29 სექტემბრიდან)

ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

გ) გრანტებით მიღებული შემოსავლები;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;

ე) შემოწირულობები;

ვ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

  1. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება აკადემიის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

 

მუხლი 33. სახელმწიფო კონტროლი

აკადემიის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო. 

 

მუხლი 34. აკადემიის ბალანსის შედგენა და შემოწმება

  1. აკადემია ვალდებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
  2. აკადემიის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

 

თავი VI

აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

 

 მუხლი 35. აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

  1. აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  2. აკადემიის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

 

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია