სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიაში პოლიციელებისთვის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ელექტრონული სასწავლო კურსი შემუშავდა

8 ნოემბერი 2017

შსს-ს აკადემიაში ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების ნახევრად ელექტრონული, შერეული ტიპის სპეციალური მომზადების ახალი სასწავლო კურსი შემუშავდა.

შსს-ს რექტორმა გივი მიქანაძემ, შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების ელექტრონულ სასწავლო კურსში მონაწილეობა პირადად მიიღო.  მისი თქმით, მსგავსი ტიპის კურსები ხელს უწყობს სასწავლო პროცესში თანამედროვე მეთოდების დანერგვას, მსმენელებს შორის ცოდნის გავრცელების ეფექტიანობისა და ხარისხის ამაღლებას.

კურსის მიზანია შსს-ს თანამშრომლებმა აკადემიაში მოუსვლელად, მათთვის ხელსაყრელ დროს, ინსტრუქტორის დახმარების გარეშე შეისწავლონ ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ თეორიული მასალა.  

აღნიშნული მასალა მოიცავს როგორც ელექტორონულ სასწავლო მოდულებს, ასევე, დამხმარე ვიდეოგაკვეთილებსა და სავარჯიშოებს. მსმენელს საშუალება ეძლევა, თავისი შეხედულებისამებრ და საჭიროებიდან გამომდინარე, არაერთხელ გაეცნოს ელექტრონულ მასალას, გადაახვიოს და მოისმინოს ვიდეოგაკვეთილები.

შერეული ტიპის კურსი მოიცავს სწავლების, როგორც საკონტაქტო, ასევე, დამოუკიდებელ საათებს. მსმენელებს  წინასწარ აქვთ განსაზღვრული განრიგი და თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას განრიგში მოცემული ეტაპების შესაბამისად გადიან, რაც მათ საშუალებას აძლევს, კურსის თეორიული ნაწილი  დისტანციურად,  აკადემიაში მოუსვლელად გაიარონ.

თეორიული მასალის ელექტრონული სწავლება რვა მოდულს მოიცავს: ადამიანის უფლებებს, ძალის გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს, საქართველოს კანონს იარაღის შესახებ, პოლიციელის პირადი უსაფრთხოების პრინციპებს, მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (HS-9) არასრულ დაშლა-აწყობას, მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (HS-9) მოხმარებისას გავრცელებული შეფერხებების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრას, მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ზუსტი სროლისათვის გასათვალისწინებელ ძირითად პრინციპებს და პირველად სამედიცინო დახმარებას.

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. შსს-ს აკადემია აღნიშნულ სასწავლო კურსს მსმენელებისათვის პერიოდულად ჩაატარებს.

 

 

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია