სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორმა მოლდოვის რესპუბლიკაში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

12 თებერვალი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორმა მოლდოვის რესპუბლიკაში, ქალაქ კიშინიოვში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებს შორის საზღვრის ინტეგრირებული მართვის შესაძლებლობებისა და თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე გამართულ მეორე სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. შეხვედრა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ორგანიზებით ჩატარდა.

რეგიონულ ღონისძიებას - „IBM სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მონიტორინგი და შეფასება: საუკეთესო პრაქტიკა, მიღებული გამოცდილება და სამომავლო პერსპექტივები“ მოლდოვის რესპუბლიკის სასაზღვრო პოლიციის გენერალურმა ინპექტორატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა.

შეხვედრას საქართველოს, ბელორუსის, სომხეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, რუმინეთის, EUBAM-ისა და ICMPD-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

შეხვედრის ფარგლებში, ICMPD-ის გუნდის წევრებმა  პროექტის ციკლის მართვის ძირითად ელემენტებზე, მონიტორინგისა და შეფასების სისტემების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე მოლდოვის მხარემ საზღვრის ინტეგრირებული მართვის კონცეფციის ძირითადი მიმართულებები, მიღწევები და IBM სტრატეგიის შეფასების კუთხით მეთოდოლოგიები წარმოადგინა.

აქტივობის შემსრულებელი გუნდის წევრებმა საკუთარ ქვეყნებში არსებულ, IBM-თან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგისა და შეფასების სისტემებზე დებატების რეჟიმში იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა ელექტრონული სწავლების სფეროში მოლდოვის გამოცდილება გაიზიარეს, საზღვრის ინტეგრირებული მართვის სფეროში ქვეყნების სასწავლო დაწესებულებების როლები  და შესაძლებლობები განიხილეს.

მოლდოვის რესპუბლიკის სასაზღვრო პოლიციის გენერალური ინსპექტორატის წარმომადგენლებმა აქტივობის შემსრულებელი გუნდის წევრებს ოპერატიული კოორდინაციის ცენტრში აჩვენეს, თუ როგორ ხდება საზღვრის ელექტრონული დაკვირვება, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით.

ვიზიტის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მორიგი, მესამე რეგიონული შეხვედრა  ბულგარეთში გაიმართება, სადაც ბულგარეთის მხარე  მესამე თემატურ მოდულს წარმოადგენს და აქტივობის შემსრულებელი გუნდის (AIT) წევრები  IBM-ის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დაგეგმვაზე, სტრატეგიის განსაზღვრასა და სამოქმედო გეგმის განვითარებაზე იმსჯელებენ.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია