სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

გიორგი გახარია - „სტაჟირების და სწავლის პერიოდი აკადემიაში იქნება ანაზღაურებადი“

13 ივლისი 2018

„კიდევ ერთი კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმების და ცვლილებების გახლავთ სამსახურში მიღების წესის ცვლილება. ეს ბრძანება უკვე ხელმოწერილია. 

ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ფუნქცია. მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგით რამდენიმე ნაბიჯი - პირველი რაც გავაკეთეთ, გავაკეთეთ ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში აღარ იქნება უმაღლესი განათლების კომპონენტი და ის იქნება სრულად პროფესიული განათლების დაწესებულება. 

გარდა ამისა, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯი და ვთქვით, რომ სისტემაში მოხვედრის ერთადერთი გზა იქნება ანაზღაურებადი სტაჟირება და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ საბაზისო კურსების გავლის დროს საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელიც იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავლილი ტესტირების შედეგად გამორჩეული ან ამორჩეული, მისი სტაჟირების პერიოდი და სწავლის პერიოდი, რომელიც იქნება აკადემიაში , იქნება ანაზღაურებადი. ის პირველი 3 თვის საბაზისო კურსების გავლის პერიოდში მიიღებს მისი საშტატო სარგოს 50%-ს. ხოლო 1 წლიანი, შემდგომ უკვე 9 თვიანი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში, მიიღებს სრულ სარგოს და ეს იქნება ის ინსტიტუციონალური პროცესი, რისი საშუალებითაც თითოეული ადამიანი შეძლებს მოხვდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ძალიან კარგად გვესმის, ვერანაირი სოციალური სტატუსის ზრდა, ხელფასის ზრდა, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება , სოციალური დაცვის გაძლიერება ვერ იქნება გარანტი იმის , რომ ადამიანური რესურსი შინაგან საქმეთა სამინისტროში ხარისხობრივად გაუმჯობესდეს. ამას სჭირდება ინსტიტუციონალური განათლების და პროფესიული ზრდის მექანიზმები, რომელსაც ახლა ჩვენ ვქმნით. რა თქმა უნდა ჩვენ გვესმის და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საუკეთესო კადრები, საუკეთესო ახალგაზრდები მოდიოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და მათ იცოდნენ, რომ მათი სოციალური და პროფესიული ზრდის გარანტიები არის სახელმწიფოს და ინსტიტუტის მიერ." - შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია