სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მომავალმა უბნის ინსპექტორებმა პოლიციელის ფიცი დადეს

27 ნოემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ორმოცდაორმა მსმენელმა პოლიციელის ფიცი დადო. 

ფიცის დადების ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი დაესწრო. მინისტრის მოადგილემ მსმენელებს სასწავლო პროგრამის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.

ფიცის მიღების შემდეგ, მომავალი უბნის ინსპექტორები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შესაბამის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო ოთხთვიან პროგრამას გაივლიან.

სწავლება შედგება როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ნაწილისაგან. მსმენელები პროგრამით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმით შეფასდებიან.  სასწავლო პროგრამა მოიცავს სხვადასხვა საკითხს: ადამიანის უფლებები, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია, მოქალაქეებთან კომუნიკაცია, დისკრიმინაციის დაუშვებლობა და გენდერული თანასწორობა, სისხლის სამართლის პროცესი და ზოგიერთი საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების წესი, კრიმინალისტიკა, ოჯახში ძალადობა, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები და ინფორმაციის მოპოვების ტექნიკა.

პროგრამის მიზანია კვალიფიციური უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების მომზადება, რათა მათ ეფექტურად განახორციელონ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია