სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ნარკოტიკული დანაშაულის გამოძიების თემაზე ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა

8 აპრილი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ევროკავშირის პროექტის - „მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ (EU-ACT) ფარგლებში, ბელგიელმა და ბრიტანელმა ექსპერტებმა, აკადემიის ინსტრუქტორებთან ერთად, ტრენერთა ტრენინგი ჩაატარეს.
სწავლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლები, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და სამხარეო დანაყოფების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ტრენინგის განმავლობაში განიხილეს ნარკოტიკების ახალი სასწავლო მოდული, რომელიც მოიცავს: ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ბაზას, საგამოძიებო და ოპერატიულ მოქმედებებს, ექსპერტიზის ჩატარების პროცედურებს, ადამიანის უფლებებს და სხვ.
ბელგიელმა და ბრიტანელმა ექსპერტებმა ქართველ ტრენერებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ბელგიისა და დიდი ბრიტანეთის გამოცდილება გაუზიარეს და ტრენინგის მსვლელობისას პრაქტიკული სავარჯიშოები უჩვენეს.
სწავლების დასასრულს, ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ნარკოტიკების ახალი სასწავლო მოდულის თემატიკა და პრაქტიკული სავარჯიშოები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტრენერებმა ექსპერტებთან ერთად, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2018 წლის სექტემბერში შეიმუშავეს. უახლოეს მომავალში, ამავე პროექტის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ ასევე დაგეგმილია, ნარკოტიკების ახალი სასწავლო მოდულის შესაბამისად, პირველი საპილოტე ტრენინგის ჩატარება.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია