სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

პოლიციის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

26 ივლისი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა. 74 წარმატებულ კურსდამთავრებულს კვალიფიკაციის დამადასტურებელი  სერტიფიკატები  შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა ივანე პაპიაშვილმა გადასცა.

ღონისძიებას, აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორები, პროკურატურის სასწავლო ცენტრის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, თბილისის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების  4-თვიანი კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების გამომძიებლებისთვის წელს შეიმუშავა.

სასწავლო პროგრამის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროში საგამოძიებო მოქმედებების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება.

მოქმედი გამომძიებლები, საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში, ეტაპობრივად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალურ კურსს გაივლიან და კვალიფიკაციას აიმაღლებენ. გადამზადების პროცესში ჩართული არიან პროკურორები, მოსამართლეები და ექსპერტ-კრიმინალისტები. პროგრამა, თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკულ კომპონენტსაც მოიცავს და სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებს ეფუძნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრენერი-გამომძიებლები სპეციალური კონკურსის გზით შეარჩია. ტრენერებმა მომზადების კურსი გაიარეს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია